Saturday, November 30, 2013






ზომის ერთეულები


ადამიანს ხშირად სჭირდება რაიმეს გაზომვა. გაზომვის გარეშე იგი ვერ შეძლებს სახლის აშენებას, ტანსაცმლის შეკერვას, მანქანის გაკეთებას. ჩვენ ვზომავთ ისეთ სიდიდეებს, როგორიცაა დრო, ტემპერატურა, სიგრძე, მოცულობა. სიდიდე რომ გაზომონ, ამისათვის მას ადარებენ ზომის რაიმე ერთეულს. მაგალითად, თუ რაიმე მილის სიგრძის გაზომვა გინდათ, უნდა აიღოთ ცნობილი სიგრძის მქონე ჯოხი, ან ძაფი და დააკვირდეთ, რამდენჯერ მოთავსდება ჯოხი ან ძაფი  მილის  სიგრძის შესაბამის მონაკვეთში. თუ გინდათ, რომ თქვენს მიერ გაზომილი სიდიდის შესახებ ყველას ერთგვაროვანი წარმოდგენაა შეექმნას, საჭიროა ისარგებლოთ ზომის საყოველთაოდ აღიარებული ერთეულებით.
საზომთა მეტრულ სისტემაში სიგრძის ძირითად ერთეულად მიღებულია მეტრი. დანარჩენი ერთეულები მიიღება ძირითადი ერთეულისაგან 10–ჯერ, 100–ჯერ, 1000–ჯერ და ა.შ. გადიდებით ან შემცირებით. ამ ერთეულების სახელწოდებები იქმნება თავსართების გამოყენებით. ერთეულის 10–ჯერ შემცირებისას იყენებენ თავსართს "დეცი", 100–ჯერ შემცირებისას – "სანტი", 1000–ჯერ შემცირებისას – "მილი". ერთეულის 10–ჯერ გადიდებისას იყენებენ თავსართს "დეკა", 100–ჯერ გადიდებისას – "ჰექტო", 1000–ჯერ გადიდებისას – "კილო". მაგალითად, მეტრის მეათედ ნაწილს ეწოდება "დეციმეტრი", მეასედ ნაწილს კი – "სანტიმეტრი". მეტრზე 1000–ჯერ დიდ სიდიდეს ეწოდება "კილომეტრი".
თითქმის იგივე წესები მოქმედებს მასის ერთეულების სახელწარმოქმნაშიც. ყველაზე გავრცელებული  ერთეულია კილოგრამი. მის მეათასედ ნაწილს ეწოდება გრამი, ხოლო გრამზე 1000–ჯერ ნაკლებ ერთეულს მილიგრამი. დიდი მასების გასაზომად იყენებენ ერთეულებს – ტონა (1000 კილოგრამი) და ცენტნერი (100 კილოგრამი).

  • რამდენი სანტიმეტრია: 2 მეტრი, 3 მეტრი და 20 სანტიმეტრი, 5 დეციმეტრი.
  • რამდენი სანტიმეტრია: 20 მილიმეტრი, 50 მილიმეტრი, 125 მილიმეტრი.
  • რამდენი მეტრია: 2 კილომეტრი, 8 კილომეტრი, 5 კილომეტრი და 50 მეტრი.
  • მეტრის მერამდენედი ნაწილია სანტიმეტრი? მილიმეტრი?
  • კილომეტრის მერამდენედი ნაწილია მეტრი? 100 მეტრი, დეციმეტრი?
  • რამდენი გრამია: 2 კილოგრამი, 12 კილოგრამი? 3 კილოგრამი და 400 გრამი?
  • კილოგრამის მერამდენედი ნაწილია 1 გრამი? 10 გრამი? 200 გრამი?
  • იყიდეს სამი 250– გრამიანი და რამდენიმე 500–გრამიანი ქილა მაწონი. რამდენი 500–გრამიანი ქილა უყიდიათ, თუ სულ შეიძინეს 2 კილოგრამი და 250 გრამი მაწონი?
  • 1 კილოგრამი შაქარი ღირს 2 ლარი. რა ეღირება 400 გრამი შაქარი?
  • 1 კილოგრამი სოსისის ფასი 10 ლარია. რამდენი გრამი სოსისი მოგივათ 7 ლარად?

No comments:

Post a Comment

დოკუმენტური ფილმი მათემატიკის შესახებ

მათემატიკა და ბუნება

დონალდი მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროში